საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს, – ამის შესახებ ექიმმა-ტრავმატოლოგმა ვაჟა კახნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ოთხი ჭრილობა, ორი ბარძაყისა და ორი შუა წვივის არეში.

მისივე თქმით, პაციენტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე აღმოუჩინეს ქირურგიული დახმარება. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

როგორც ექიმი ვაჟა კახნიძე აცხადებს, მინდია გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მას რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.

„პაციენტს ცეცხლასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის შუა მესამედში, ასევე გამჭოლი. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე ინსტრუმენტული კვლევები. აღენიშნება დიდი წვივის ძვლის ქვემო მესამედის დამსხვრეული მოტეხილობა, ქირურგიული და ტრამვატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სიახლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება, ჩატარდა წვივის ძვლის არაკეროვანი ოსტეოსინთეზი. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
კონტაქტურია და რეანიმაციაში რჩება. გამოკითხვა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პაციენტი პალატაში გადავა“, – განაცხადა ექიმმა.

როგორც პირველ არხს საავადმყოფოში განუცხადეს, დაზიანებების გათვალისწინებით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში დარჩეს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური გვიან ღამით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.