საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა

მაქვს პატივი, გულითადად მოგილოცოთ პირადად თქვენ, ბატონო ელჩო და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული – რესპუბლიკის დღე. წელს ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ჩვენი ქვეყნები წელს ზეიმობენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ასი წლის იუბილეს. სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა სწორედ იმ ისტორიულ კედლებში ვიმყოფებით, სადაც ასი წლის წინ, ჩვენმა ერებმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზა აირჩიეს.

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ სწორედ აქ,  ამ შენობაში გამოაცხადა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

ორი დღით ადრე კი, ამავე შენობაში, დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა,- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა, იმ პერიოდმა წარუშლელი კვალი დატოვა ორივე ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

„26 მაისს, ორი დღის წინ, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ბატონ ოქტაი ასადოვთან ერთად ვიზეიმეთ ჩვენი რესპუბლიკის დღესასწაული. სამწუხაროდ, მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სულ 23 თვეს იარსება, ქართულმა, თითქმის, 3 წელიწადს, თუმცა მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ამ 100 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა უამრავი დაბრკოლება და გამოწვევა გადალახეს. ჩვენი ხალხების მეგობრობა და კეთილმეზობლობა მრავალ ასწლეულს ითვლის. დღეს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენებთ უკეთეს რეგიონს, სადაც მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა იქნება ყველასთვის.

მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი დღეს ყველა ჩვენგანის უმთავრესი საზრუნავია,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი, უმნიშვნელოვანესია იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ტრანსანატოლიური გაზსადენის – TANAP-ის პროექტზე გაამახვილა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის გამორჩეული მაგალითია.

„აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია და ეს დინამიკა განუხრელად იზრდება. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს კიდევ უფრო მტკიცეს ხდის.

დღეს ჩვენი ქვეყნები ერთად მუშაობენ მასშტაბური და ამბიციური სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ხორცშესხმაზე, რომლებიც ახლო მომავალში სრულიად შეცვლის რეგიონს, მის დინამიკას და მის საერთაშორისო მნიშვნელობას.შარშან, აგვისტოში, ბაქოში  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საზეიმო ინაუგურაცია ჩატარდა. წელს ივნისში კი, ტრანსანატოლიური გაზსადენის – TANAP-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია იგეგმება, რაც ასევე რეგიონული თანამშრომლობის წარმატების დასტურია, უკვე აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა ფასდაუდებელია, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით.

აზერბაიჯანი ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს,იქნებოდა ეს ბოლო ათწლეულების ენერგეტიკული გამოწვევები, როგორც ბატონმა ელჩმა ბრძანა თავის გამოსვლაში, თუ შარშანდელი ხანძრის სტიქია. საქართველო ამ თანადგომას არასოდეს დაივიწყებს.

მჯერა, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება, რასაც სამომავლოდ გაცილებით ფართო, წარმატებული რეგიონული თანამშრომლობა დაეფუძნება, სხვა მონაწილეებისა და პარტნიორების აქტიური ჩართულობით“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს, აგრეთვე, აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

„იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით შევძლებთ აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული უდიდესი მისია და მომავალ  თაობებს მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული რეგიონი დავუტოვოთ.  როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ჰეიდარ ალიევის სახელს, რომლის წვლილი უდიდესია ამ საქმეში.

ცოტა ხნის წინ, 10 მაისს, მისი დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ განსაკუთრებულად მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს.  ასევე, აზერბაიჯანელ ხალხს.

მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას ვუსურვებ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომელთაც სიტყვით მიმართა, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა.