საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ
საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას – „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ მასპინძლობს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობისა და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიური საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივან ანტონ ნიმაკმა გახსნეს.

პანელზე – „ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის საპატიო სტუმრებმა – პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენმა ადამ აბრამოვიჩმა, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ტატიანა კოროტკამ, ალბანეთის მეწარმეთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა ედუარდ შალსმა, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენმა ბოლატ პალიმბეტოვმა, უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა და ყირგიზეთის ბიზნესომბუდსმენმა რობინ ორდ-სმიტმა.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო-პოლონეთის, საქართველო-ალბანეთის, საქართველო-ყაზახეთის და საქართველო-უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.