ექიმი რიჩარდ პიბოდი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი. ის მუშაობდა ინგლისის ჯანდაცვის უწყების ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების განყოფილების ხელმძღვანელად. არის ათობით სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. საქართველოს პირველმა არხმა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ დაგვითმეთ დრო ამ რთულ დროს და საქართველოს პირველი არხის კითხვებს პასუხობთ. უკვე ხუთი თვეა, რაც მსოფლიო იბრძვის უჩინარი მტრის – ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. რა ვიცით ამ დროისთვის ამ დაავადების შესახებ?
დიდი მადლობა თქვენს მსმენელთან საუბრის შესაძლებლობისთვის. „კოვიდ-19“ არის სრულიად ახალი გამოწვევა. ეს არის ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელიც წარმოიშვა, როგორც აღნიშნეთ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ. მას შემდეგ, რაც ვირუსის იდენტიფიცირება პირველად მოხდა, მიმდინარე წლის იანვარში, ჩვენ მის შესახებ ბევრი რამ შევისწავლეთ. ახლა ვიცით, რომ ვირუსი ძალიან მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ვხედავთ, რომ ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ ადამიანში ინფექცია შედარებით მსუბუქი სიმპტომებით ვითარდება. თუმცა, ასევე ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ზოგისთვის ის შეიძლება ძალიან სერიოზული დაავადებების გამომწვევი იყოს, შედეგად მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება. სამწუხაროდ, ზოგისთვის ეს ვირუსი შეიძლება ფატალურიც იყოს. განსაკუთრებით მათთვის, ვინც არის ხანდაზმული, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთ გარემოებებში შედეგები ძალიან მძიმეა. თუმცა, ისიც ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია ვირუსის გავრცელების შესამცირებლად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, დაავადების გავრცელების შემცირებას ეხმარება ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე ფიზიკური დისტანცირების ზომები.
ათობით ქვეყნის მეცნიერი მუშაობს „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მეთოდისა და ვაქცინის შემუშავებაზე. რამდენად ახლოსაა მსოფლიო დასახულ მიზანთან?
ეფექტიანი მკურნალობის მეთოდის, ასევე ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინის პოვნა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანა. საჭიროა, რომ დაავადების პრევენცია ვაქცინაციის პროგრამით მოხდეს. გლობალური მასშტაბით მრავალ ჯგუფი მუშაობს ამაზე და ასეთი ვაქცინის შემუშავების გზაზე საკმაოდ კარგი პროგრესია მიღწეული. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ვაქცინამ ჯერ უნდა აჩვენოს, რომ მუშაობს და უსაფრთხოა. შემდეგ უნდა მოხდეს მისი წარმოება ისეთი რაოდენობით, რომ მსოფლიოს მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი. ასე რომ, ამას დრო დასჭირდება – ამისთვის სულ მცირე 12-18 თვე იქნება საჭირო, შესაძლოა, უფრო მეტიც.
ტესტირებასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. რომელი მიიჩნევა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საუკეთესო მიდგომად – მასობრივი თუ მიზნობრივი ჯგუფების ტესტირება?
ინფიცირების შემთხვევების იდენტიფიცირება „კოვიდ-19“-ზე კლინიკური რეაგირების ქვაკუთხედია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საეჭვო შემთხვევების სწორი მართვა მოხდეს და ამის საკვანძო ნაწილი, რა თქმა უნდა, ტესტირებაა, რის შედეგადაც დგინდება, ნამდვილად ინფიცირებულია თუ არა ადამიანი. შესაბამისად, საჭიროა თუ არა მისი იზოლირება და კლინიკური ზომების ამოქმედება. ტესტების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დონეზე. როდესაც ქვეყანაში არის ინფიცირების შედარებით ნაკლები შემთხვევა, უნდა მოხდეს საეჭვო შემთხვევების სწორი გამოძიება. სამწუხაროდ, თუ დაავადების გავრცელება იზრდება და ქვეყანაში ხდება ფართო გავრცელება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს პრიორიტეტის მიხედვით მოქმედება და კონკრეტულ ჯგუფებზე ფოკუსირება, მაგალითად, სამედიცინო პერსონალზე, მოწყვლად ჯგუფებზე და სხვა. თუმცა აუცილებელია, რომ მოხდეს ყველა დადასტურებული და საეჭვო შემთხვევის იზოლირება, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელება.
გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის უფრო ადრეული შემთხვევები დადგინდეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დეკემბერში პარიზთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს. როგორ ფიქრობთ, როდის შეიძლება ყოფილიყო ყველაზე ადრეული შემთხვევები ევროპულ ქვეყნებში?
საფრანგეთში, დეკემბერში აღმოჩენილი შემთხვევების შესახებ ცნობა ნამდვილად ძალიან საინტერესოა. ჩვენ ამას დიდი ინტერესით ვსწავლობთ. აშკარაა, როგორც გვესმის, ვირუსი ჩინეთში დეკემბერში გავრცელდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ქვეყნებში, რომლებიც აღნიშნული პერიოდის საეჭვო შემთხვევებს სწავლობენ. ამგვარი შემთხვევების იდენტიფიცირება ნამდვილად შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნებშიც.
ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ამჟამად ეტაპობრივად ამსუბუქებს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. რა არის მთავარი გამოწვევები შემზღუდავი ზომების შემსუბუქებისას და როგორია ამ მხრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები?
ის ზომები, რომლებიც მრავალმა ქვეყანამ აამოქმედა, ძალიან სასარგებლო იყო. ეს ზომები დაეხმარა მათ კორონავირუსის გავრცელების კონტროლში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს, ამავდროულად, აქვთ სოციალური და ეკონომიკური შედეგებიც. ამიტომ გასაგებია, რომ ბევრ ქვეყანას სურს ზომების შემსუბუქება. ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ამ ზომების შემსუბუქება მოხდეს სწორ დროს, აუჩქარებლად და კონტროლირებად რეჟიმში. აუცილებელია, ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ ისინი ინფექციის გავრცელებას აკონტროლებენ, როდესაც ზომების მოხსნას დაიწყებენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროს ჰქონდეს ვითარების მართვის შესაძლებლობა, თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური სისტემები ინფიცირებულების კონტაქტების გამოსავლენად, მათი კარანტინში მოსათავსებლად და ასევე ლაბორატორიები უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი შესაძლებლობებით საეჭვო შემთხვევების ტესტირებისთვის.
ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ინფიცირების ახალი კლასტერები გაჩნდა უხანში, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. არსებობს საშიშროება, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს?
ეს არის გამოწვევა. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანდაცვის სფეროში ძლიერი ზომები ძალაში დარჩეს, კერძოდ, ინფიცირების შემთხვევებისა და კონტაქტების გამოსავლენად, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების ზრდის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს სხვა ისეთი ზომები, როგორიცაა რესპირატორული ჰიგიენის დაცვა, ასევე ინფექციის კონტროლისთვის აუცილებელი სხვა ზომები.
არ შემიძლია, გვერდი ავუარო კითხვას ვირუსის წარმომავლობის თეორიებთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ დაგვისახელოთ არგუმენტები, რატომ არ სჯერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიის?
ამ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური და ვირუსოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვირუსი ადამიანებში გადმოვიდა ცხოველებიდან. ეს ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ და ვირუსოლოგიურ ერთიან მტკიცებულებებს.