საქართველოს პატრიარქმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა, მოსახლეობას და სასულიერო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პატრიკ ფრანცენი მიიღო.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ამასთან, საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ მოსახლეობას, მათ შორის სასულიერო პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დაახლოებასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
„კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მან ამასთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის იმედი გამოთქვა და ისაუბრა სახალხო დიპლომატიის დადებით მხარეებზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე.
მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ მოსახლეობას და მათ შორის სასულიერო პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ, რაც ხელს შეუწყობს ხალხის დაახლოებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
შვეიცარიის ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის და საინტერესო იდეების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. ბ-ნ პატრიკ ფრანცენის თქმით, შვეიცარია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მის მხარდაჭერას.
ელჩმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა წიგნი, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიის მსგავსებებს წარმოაჩენს სხვადასხვა კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.