საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე გერასიმე (შარაშენიძე) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიების კომისიის თავმჯდომარე ვახტანგი (ლიპარტელიანი).

პირველ არხთან საუბარში კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განცხადა, რომ საპატრიარქოს კონკრეტულად არა აქვს ზუსტი პროგრამა, რა შეხვედრები გაიმართება მოსკოვში.

„რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, იქნება საუბარი იმ კომისიის შესახებ, რომელზეც მიტროპოლიტი ალფეევი საუბრობდა თბილისში ვიზიტის დროს. ასეთი კომისიის შექმნა ჩვენს ინტერესებშიც შედის, რადგანაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაზე ვისაუბროთ. ჩვენ ვხედავთ რეალობას და რეალობა არის ასეთი, რომ რუსეთს განმსაზღვრელი ფაქტორი ენიჭება ამ საკითხის მოგვარებაში. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ ასეთ საკითხებში მსოფლიო საპატრიარქოს ან სხვა ადგილობრივი ეკლესიების ჩართულობას, თუ ისინი რაიმე პოზიტივს შემოიტანენ ამ საქმეში“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თქმით, საქართველოს ეკლესია ამ კომისიის შექმნას მიესალმება, რადგან ჯერ კიდევ გასულ წელს, მოსკოვში ვიზიტის დროს,  ასეთი კომისიის არსებობის თაობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საუბრობდა.

„ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად როგორ იძაბება სიტუაცია აფხაზეთის იმ რეგიონში, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. იქ აშკარა დაპირისპირებაა უკვე პრორუსულ და პრობერძნულ სამღვდელოებას შორის და ამიტომ ჩვენი ჩართულობა და დაინტერესება ამ საკითხით, აბსოლუტურად სწორია და პირიქით, უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს ინტერესს და სფეროს არ გაცდეს იქ მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში, რუსეთში პატრიარქობის აღდგენის ასი წლის იუბილის აღსანიშნად გაემგზავრა. საიუბილეო ღონისძიება მოსკოვში 4 დეკემბერს არის დაგეგმილია. დელეგაცია იმავე საღამოს ან მეორე დღეს დაბრუნდება უკან.

 

დატოვე კომენტარი