საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.2 მლრდ აშშ დოლარი (44.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 113.5 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო  – სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი და კერძო სექტორის – საბანკო და სხვა სექტორები – საგარეო ვალს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო – 335.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 12.6 და 10.5 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო  ცვლილებების გამო, ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (13.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 291.4 მლნ აშშ დოლარი (755.4 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 852.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 883.5 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 3.7 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.2 პროცენტი) შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.3 პროცენტი) და კომპანიათაშორის ვალმა – 2.6 მლრდ აშშ დოლარი (6.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალი კი, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარზე (26.2 მლრდ ლარი) დაფიქსირდა, რაც 2017 წლის მშპ-ს 66.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 28.0 პროცენტია.

2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო – 2.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 291.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი იქნება.