მთავრობის ანგარიშის თანახმად, პირველ მარტამდე კვლევას ახორციელებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, ხოლო 22 მაისისთვის ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორია აწარმოებს კვლევას
მთავრობის ანგარიშის თანახმად, პირველ მარტამდე კვლევას ახორციელებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია, ხოლო 22 მაისისთვის ქვეყნის მასშტაბით 12 ლაბორატორია აწარმოებს კვლევას

2020 წლის 30 იანვრიდან პირველ მარტამდე პჯრ/RT-PCR კვლევას ახორციელებდა მხოლოდ NCDC-ის ლუგარის ლაბორატორია, ხოლო 22 მაისისთვის ქვეყნის მასშტაბით პჯრ/RT -PCR კვლევას აწარმოებს 12 ლაბორატორია, – ამის შესახებ აღნიშნულია „COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში“, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, COVID-19-ზე ტესტირება 2020 წლის 30 იანვრიდან, NCDC-ის ლუგარის ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდა COVID-19-ის ტესტირება პჯრ/RT–PCR მეთოდით, რომელიც განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.

„ტესტირების დადებითი მხარეა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, კვლევის დაწყებიდან ხუთი საათის შემდეგ, 99.9%-იანი სიზუსტით პაციენტები უკვე ინფორმირებული არიან საკუთარი იმუნური პასუხის შესახებ. ანტისხეულებზე და ანტიგენებზე სწრაფი ტესტები გამოიყენება მხოლოდ დამხმარე მიზნებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ალგორითმის შესაბამისად.

ამ დრომდე მიღებული ტესტების რაოდენობა: პჯრ/RT-PCR – 122 548; ექსტრაქცია – 76 532; ანტიგენის სწრაფი – 54 000; ანტისხეულების სწრაფი – 26 000.

სულ, ჯამში, საანგარიშო პერიოდში გამოკვლეულია 47 569 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუში. ლაბორატორიის დატვირთვა ამ პერიოდში შეადგენს 50 253 ნიმუშს (შესაძლო და განმეორებითი ნიმუშები). ტესტირების ე.წ. დადებითობის შედეგის სიხშირე (positivity rate) 2%-ზე ნაკლებია.

2020 წლის 30 იანვრიდან 1 მარტამდე პჯრ/RT-PCR კვლევას ახორციელებდა მხოლოდ NCDC-ის ლუგარის ლაბორატორია. 1 მარტიდან ტესტირებაში ეტაპობრივად ჩაერთო სხვა ლაბორატორიებიც. 22 მაისისთვის ქვეყნის მასშტაბით პჯრ/RT -PCR კვლევას აწარმოებს 12 ლაბორატორია“, – აღნიშნულია ანგარიშში.