საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს
საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში მიიღო და განსაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს. ცვლილებით, ხანგრძლივდება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლით განსაზღვრული უფლებების ვადა.

კერძოდ, 45-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლით განსაზღვრულია, რომ  იზოლაციის ან კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. შესაბამის მუხლში აღნიშნულია, რომ საკარანტინო ღონისძიებებია: ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ამავე კანონით ან ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა ამ მუხლის გამოყენებისას სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაიზიარა და განსაზღვრა ისიც, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით.

კანონით განსაზღვრულია ისიც, რომ პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; რომ აქვს უფლება ადვოკატზე; რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

ასევე არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

„სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა. 2020 წლის 15 ივლისიდან, ერთი მხრივ, აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის კვლავ მწვავე გამოწვევად დარჩება. არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად აუცილებელია, გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მათ საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და, მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად გარკვეული შეზღუდვები კვლავ არსებობს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებისას აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები შესწავლილ იქნა ისეთი ქვეყნების შემთხვევებში, როგორებიც არის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იაპონია, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და სხვა”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.