უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნა დასჯადი ხდება
საქართველოს პარლამენტმა უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატებმა ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
კანონპროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
კანონპროექტის მიხედვით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა, ან პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
კანონპროექტის თანახმად, თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ,
დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამასთან, კანონპროექტში შენიშვნის სახით დაკონკრეტებულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნა ან ორგანიზება გაუწია ამ პირის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას.
ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად ახლო ნათესავს ხელი შეუწყო მცდარი ინფორმაციის წარდგენაში ან ორგანიზება გაუწია ამ პირის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, პროექტში ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იურიდიული პირისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ათმაგ ოდენობას, იურიდიული პირი კი დაისჯება ლიკვიდაციით, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ჯარიმით.
კანონპროექტის ამოქმედება კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს იგეგმება.