საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი

2018 წელს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

„ერთი წლის განმავლობაში (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა საქართველოს 9348 მოქალაქემ. მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

„პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;

პირს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით აღდგენის მოთხოვნით, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა. აღნიშნულმა პირმა ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს (უარის თქმის საფუძვლები მოწმდება)“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.