საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.
წმინდა სინოდის სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
სინოდის სხდომამდე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოუწოდა ყველას, პირადი მოსაზრებებისგან თავი შეიკავონ და დაელოდონ წმინდა სინოდის სხდომას.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე საუბარი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს შეეხება.
„ეს სხდომა, ასე ამბობენ, ჩაინიშნა სპეციალურად ამ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, ანუ კორონავირუსთან დაკავშირებით, რომ წმინდა სინოდმა იმსჯელოს. ძირითადი თემა იქნება, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში. შეიძლება, ითქვას, როგორ დავამარცხოთ ვირუსი, როგორ გავაკეთოთ დაცვა ამ ვირუსისგან. რაც მთავარია, სასულიერი პირების დანიშნულებაა, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ გადალახონ აი ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, პანიკა და სულიერი სიმშვიდე როგორ მოიპოვონ. ჩვენი ეკლესია საგულდაგულოდ ეცნობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ვცდილობთ, შევიმუშაოთ ჩვენს პირობებში, ღვთისმსახურების პირობებში როგორ შეიძლება ამის გათვალისწინება. ვცდილობთ ამის გაკეთებას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი. ადამიანის ბუნება ასე არის მოწყობილი, როცა ძალიან უჭირს, მიდის ღმერთთან. ჩვენ დღეს მართლა, როგორც ამბობენ, რომ დავკეტოთ ტაძარი, ეს გამოიწვევს პანიკას“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საპატრიარქოში 12:00 საათზე შეიკრიბება.