საქართველოს კინოაკადემიის ახალი პრეზიდენტის ვინაობა 24 იანვარს გახდება ცნობილი
საქართველოს კინოაკადემიაში რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს, რომელმაც კინოაკადემიის პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით უნდა აირჩიოს.
ამ დროისთვის რეგისტრირებულია კინოაკადემიის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი – ელგუჯა ბურდული, გიორგი გურგულია, კონსტანტინე (მინდია) ესაძე, გენადი ცაავა, გიორგი თორაძე და ქეთევან ჯანელიძე.
ამასთან, პანდემიის გამო, რიგგარეშე ყრილობა 17 იანვარს დაიწყო და რამდენიმე დღეზე გადანაწილდა. საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის ვინაობა 24 იანვარს გახდება ცნობილი.
კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა აბრამიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე ყრილობის აუცილებლობა კონოაკადემიის პრეზიდენტის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალებამ გამოიწვია.
„როგორც ვიცე-პრეზიდენტს, დამევალა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ვგეგმავდით არჩევნების ჩატარებას იმგვარად, რომ პანდემიის პირობებში ჩვენს წევრებს არ შექმნოდათ ჯანმრთელობის პრობლემები. სწორედ ამიტომ გადაწყდა, ყრილობა ჩატარებულიყო 10-10 კაციანი ჯგუფით. საარჩევნო კომისია შედგება თითოეული კანდიდატის ორი წარმომადგენლისგან. ყველაფერი არის გამჭვირვალე და თითოეული ხმა დაცულია“, – განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.