„საქართველოს კაპიტალმა“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი ფაქტია, როდესაც საქართველოში მოქმედმა არასაფინანსო კომპანიამ 300 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა შევეხო „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას. ეს არის პირველი ასეთი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგმა, 300 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ჯგუფთან დღეს შეხვედრა და შედეგის ერთობლივი პრეზენტაცია იგეგმება.