„ჯეი.ფი. მორგანი“ - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ევროობლიგაციების გამომშვებ ქართულ კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს
„ჯეი.ფი. მორგანი“ - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ევროობლიგაციების გამომშვებ ქართულ კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს

„ჯეი.ფი. მორგანის“ (J.P. Morgan) მიერ მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ვიზიტის შედეგების საფუძველზე მომზადებული ანგარიშის (CEEMEA Credit Research) თანახმად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ევროობლიგაციების გამომშვებ ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა, – აღნიშნულ ინფორმაციას კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჯეი.ფი. მორგანის“ (J.P. Morgan) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლას ეხებოდა, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების, საქართველოს მთავრობის, კორპორატიული და საბანკო სექტორების წარმომადგენლებთან.

ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მაღალი სანდოობა სხვა ფაქტორებთან ერთად ბიზნესის დივერსიფიკაციისკენ მიმართული პოლიტიკით, გარანტირებული უკუგების შიდა განაკვეთზე (IRR) ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებით და სავალუტო რისკების დაზღვევის სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით არის განპირობებული. „ჯეი.ფი. მორგანი“  (J.P. Morgan) მიუთითებს, რომ 2019 წლის ბოლოს „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას შედეგად მოჰყვება კორპორაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კორპორაციის ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. „ჯეი.ფი. მორგანის“  ვარაუდით, 2020 წლისთვის კორპორაციის კუთვნილი თბოელექტროსადგურების წილი საოპერაციო მოგებაში (EBITDA) 75 პროცენტამდე გაიზრდება.

„ჯეი.ფი. მორგანი“ (J.P. Morgan) ასევე მიუთითებს, რომ სასესხო ვალდებულებების კორპორაციის მოგებასთან შეფარდების კოეფიციენტის (net leverage) მერყეობა, რომელსაც იწვევს მიმდინარე და სამომავლო პროექტებში კორპორაციის მიერ განსახორციელებული მსხვილი ინვესტიციები, განხორციელებული პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე, 2020 წლისთვის დასტაბილურდება.