ნავთობისა და გაზის კორპორაცია რამდენიმე თვეში 300 მილიონი ევროს ევროობლიგაციებს გამოუშვებს
ნავთობისა და გაზის კორპორაცია რამდენიმე თვეში 300 მილიონი ევროს ევროობლიგაციებს გამოუშვებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში 300 მილიონი ევროს ევროობლიგაციებს გამოუშვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა, ომარ ოგბაიძემ განუცხადა.

აღნიშნული თანხით 2016 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების (250 მილიონი დოლარი) რეფინანსირება მოხდება, დარჩენილი თანხა კი (70-80 მილიონი დოლარი) გარდაბანში ახალი, რიგით მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობას მოხმარდება.

ოგბაიძის ინფორმაციით, 2012 და 2016 წელს კორპორაციამ ობლიგაციები აშშ დოლარში გამოუშვა, ახლა კი ემისია ევროში გადაწყდა.

„შედეგად, ჩვენი საპროცენტო ხარჯები შემცირდება“, – აღნიშნა კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა.

ოგბაიძის განმარტებით, შედარებით შეღავათიანი პირობები კორპორაციის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასაც უკავშირდება.