„საქართველოს კაპიტალი” ქვეყანაში 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანია „საქართველოს კაპიტალი” 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების გეგმას წარადგენს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება.
„საქართველოს კაპიტალი” ინვესტიციას ტურისტულ სექტორში გეგმავს. მისი შვილობილი დეველოპერული კომპანია “m2” ორი წლის განმავლობაში 10 სასტუმროს ააშენებს და გახსნის. მათ შორის იქნება სამ ვარსკვლავიანი და მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისში, ქუთაისში, კახეთსა და სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
ასევე, დაგეგმილია რამდენიმე უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართებთან ერთად, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა – ბაღი, სკოლა, საცურაო აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და ოფისები მოეწყობა.
„საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციის განხორციელებას ენერგეტიკის სექტორშიც აპირებს, ჰესების მშენებლობაში 119 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.
ასევე, იგეგმება გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია და ინვესტირება მეღვინეობის განვითარებაშიც.
აღნიშნული 500 მილიონი აშშ დოლარიდან 300 მილიონი ჰოლდინგის მიერ ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან მოზიდული თანხაა.