აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - ამერიკულ კერძო კომპანიებს უკრაინაში ინვესტიციის ჩადება სურთ, მაგრამ უკრაინამ რეფორმები უნდა განახორციელოს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის მიმართულებით
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - ამერიკულ კერძო კომპანიებს უკრაინაში ინვესტიციის ჩადება სურთ, მაგრამ უკრაინამ რეფორმები უნდა განახორციელოს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის მიმართულებით

ამერიკულ კერძო კომპანიებს სურთ ინვესტიციის ჩადება უკრაინის ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტსა და სამთო მოპოვებაში, მაგრამ უკრაინამ უნდა განახორციელოს რეფორმები ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, რათა ასეთი ინვესტიცია უსაფრთხო იყოს. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პენი პრიცკერმა განაცხადა.

პრიცკერის თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად მზადება ახლავე უნდა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება.

„უკრაინას დიდი პოტენციალი აქვს. მას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში, ლითონებსა და სამთო მოპოვებაში, კრიტიკულ მინერალებში და სხვადასხვა სექტორში. მაგრამ, ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭიროა წინასწარი სამუშაოები, რომელიც შეიძლება, წარმატებით გაგრძელდეს ახლა და უკრაინის მთავრობა მზად არის ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა პრიცკერმა.

როგორც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის შეხვდა 30 კერძო კომპანიის წარმომადგენელს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ რეკონსტრუქციაში.

„ყველა ხედავს შესაძლებლობას და მე, ფაქტობრივად, გამხნევებული ვიყავი კერძო სექტორის ინტერესით, რომ ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას. ეს მოითხოვს უკრაინაში კანონის გარკვეულ ცვლილებას, გარკვეულ სახელმწიფო პარტნიორობას კერძო სექტორთან და შემდეგ მოითხოვს კერძო სექტორის ფუნქციონირებას“, – აღნიშნა პრიცკერმა.

მისი თქმით, უკრაინას არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტისგან გადარჩენა, არამედ ეკონომიკური განვითარებაც დასჭირდება.

„უკრაინა გადის აგრესიულ ომს, რომელიც გულწრფელად არის ეგზისტენციალური საფრთხე აშშ-სა და ევროკავშირისთვის, ჩვენი ცხოვრების წესისთვის, დემოკრატიისთვის“, – განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

პრიცკერის განცხადებით, უკრაინელ ხალხს თავს დაესხნენ, რადგან მათ სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და უნდა იყვნენ დემოკრატიული ერი.

„ჩვენ თუ არ დავეხმარებით უკრაინას არა მხოლოდ გადარჩენაში, არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკურად აყვავებაში, არ ვიცი, სად მორჩება ეს“, – აღნიშნა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.