საქართველოს ღვინის კლუბი 12 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალს“ გამართავს
საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ 2017 წლის საუკეთესო ღვინოებს.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2018“ დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით და „მრავალჟამიერის“ თანხლებით.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალზე მისულ ადამიანებს დახვდებათ ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო, კარგი მუსიკა, სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები.
ამასთან, „ახალი ღვინის ფესტივალი“ წლების მანძილზე სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ასპარეზზე გადიან და თავიანთ მოსავალს და ნაშრომს აცნობენ. 2017 წელს ფესტივალზე შეიკრიბნენ დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია.