თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი 2018“ 12 მაისს გაიმართება
თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი 2018“ 12 მაისს გაიმართება

საქართველოს ღვინის კლუბის ინფორმაციით, რიგით მეცხრე ფესტივალი მთაწმინდის პარკში 12 მაისს გაიმართება. კლუბის ცნობით, „ახალი ღვინის ფესტივალის“  ჩატარების მთავარ მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდა წარმოადგენს.

ფესტივალის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები და ოჯახური მარნები დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა ესტუმრებიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები.

ფესტივალი 2010 წლიდან მაისის თვის მეორე შაბათს ყოველწლიურად იმართება.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2018“ ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით და „მრავალჟამიერის“ თანხლებით დაიწყება. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება.