„ახალი ღვინის ფესტივალი“ 11 მაისს გაიმართება
„ახალი ღვინის ფესტივალი“ 11 მაისს გაიმართება

რიგით მე-10 „ახალი ღვინის ფესტივალი“ მიმდინარე წლის 11 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი „ახალი ღვინის ფესტივალი“ განსაკუთრებული იქნება. საიუბილეო თარიღს მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს.

„საქართველოს ღვინის კლუბი“ იუბილესთან დაკავშირებით წელს სტუმრებს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. ორგანიზატორების ცნობით, ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.

„როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. ფესტივალზე მისულ სტუმრები ნახავენ ასეულობით ახალ ღვინოს, ახალ ჯიშებს, ახალ სახელებსა და შთაბეჭდილებებს.

ახალი ღვინის ფესტივალს, ღვინის მწარმოებლების გარდა, მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2018 წლის) საუკეთესო ღვინოებს“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, „ახალი ღვინის ფესტივალი 2019“ დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო მოთავსდება.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2019“-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.