საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი „ტელესკოლის" მოსწავლეებს მიმართავს
პროექტი „ტელესკოლა“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს დღეს დაიწყო. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ „ტელესკოლასთან“ წვდომა ყველას ექნება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ ამ პროცესში. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება. შაბათ-კვირას კი, შემოგთავაზებთ საინტერესო, შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც საქართველოში მომზადებულს, ასევე უცხოურს, რომლებიც ნათარგმნია ქართულ ენაზე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი! დარწმუნებული ვარ, რომ ბეჯითი სწავლით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს! მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც განათლების მიღება ჰქვია!“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით გადის.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ.„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://mes.gov.ge/content.php?id=10272&lang=geo
„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.
პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.
გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე იწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება.
სამინისტრომ მოსწავლეებისა და მშობლებისათვის „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის სპეციალური რჩევებიც შეიმუშავა: http://mes.gov.ge/content.php?t=srch&search=%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A&id=10273&lang=geo