ევროსაბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდში – „ევრიმაჟი“ საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება, რომლის ვინაობაც უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის სტატუსით თამარ ტატიშვილმა საქმიანობა დღეს დაასრულა. ტატიშვილი 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ კინოცენტრს, ხოლო 2011 წლიდან რვა წლის განმავლობაში იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოს პროგრამაში „ევრიმაჟი“.
ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა, „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
„ევრიმაჟთან“ საქართველოს კონტაქტები დაიწყო 2006 წელს, როცა თბილისს ეწვია პროგრამის მაშინდელი დირექტორი რენატე როგინასი. უკვე მომდევნო წელს სამუშაო შეხვედრები ჩაატარა თბილისის კინოფესტივალზე სტუმრად მყოფმა, ახლად დანიშნულმა დირექტორმა, იან ვანდირენდონკმა. 2011 წელს საქართველო გახდა „ევრიმაჟის“ 36-ე წევრი. დღეს „ევრიმაჟში“ 39 ქვეყანაა გაერთიანებული. ყველა ქვეყანა იხდის საწევრო გადასახადს. გასული რვა წლის განმავლობაში საქართველომ საწევროს სახით „ევრიმაჟში“ შეიტანა 965 097 ევრო. სანაცვლოდ, ქართული პროექტების დასაფინანსებლად მიიღო 3 092 322 ევრო. სულ დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია.
„ევრიმაჟის“ სესიები, რომლებზეც პროექტებს განიხილავენ, წელიწადში ოთხჯერ ტარდება. 2015 და 2018 წლებში სესიებს თბილისმაც უმასპინძლა.