საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობა იკვეთება.

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში COVID-19-ის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები და ვაქცინაციის გამკაცრებული მოთხოვნები, პანდემიის გავრცელების ტემპს შეამცირებს. ეს კი გაურკვევლობას შეამცირებს შედეგად, საბაზრო განწყობის გაუმჯობესებას განაპირობებს. ამასთან, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა საერთაშორისო სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ეტაპობრივ აღდგენასაც შეუწყობს ხელს.

საბაზო პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის მორიგი ტალღისა, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა 2021-2022 წლებში კვლავ მაღალი ტემპით გრძელდება. ამასთან, საბაზო სცენარი მიმდინარე წელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც ძირითადად საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი სასაქონლო ფასებითაა განპირობებული. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეტაპობრივად მიზნობრივ, 3-პროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ქვეყანაში გლობალურად ეკონომიკის გაჯანსაღება მდგრადია და საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

„ოპტიმისტურ სცენარში დაშვებულზე მაღალი ვაქცინაციის ტემპებს და ვირუსის მართვის გაუმჯობესებულ მეთოდებს ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითი გავლენა ექნება. გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, სამუშაო ძალის აღდგენას დააჩქარებს, განსაკუთრებით მაღალკონტაქტურ ინდუსტრიებში, რომლებმაც პანდემიის პირობებში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღეს. აღნიშნულ სცენარში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფონზე, 2022 წელს საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის შედეგად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, როგორც ეფექტური, ასევე აშშ დოლართან, გამყარდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ოპტიმისუტ მაკროეკონომიკურ სცენარში.

პესიმისტურ სცენარში კი, როგორც გლობალურად, ასევე ქვეყნის შიგნით, COVID-19 პანდემიის კონტროლს დაქვემდებარება მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანია. ამასთან, პესიმისტური სცენარის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში მაღალი ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის მიმართ გაურკვევლობა წარმოიქმნება. ეს მომდევნო წლებში მაღალ ინფლაციურ მოლოდინებს შექმნის. შესაბამისად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, საგარეო ვალის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის გაუარესება მოჰყვება.

ამასთან, ეროვნული ბანკის პესიმისტურ სცენარში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პანდემიის ახალი ტალღების გავრცელება დამატებითი შეზღუდვების შემოღებას იწვევს, რაც მათ ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს, კიდევ უფრო ამძაფრებს თურქეთში გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. გაუარესებული საგარეო ბალანსი და გაზრდილი რისკები, ლარის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებას განაპირობებს. კერძოდ, ცენტრალური ბანკის პესიმისტური სცენარით 2022 წელს ლარი დოლარის მიმართ 10 პროცენტით უფასურდება, ხოლო 2023-2024 წლებში ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე 2-3 პროცენტით მყარდება.

„პესიმისტური სცენარის მიხედვით, ვაქცინაციის ტემპის შემცირებისა და მომდევნო წლებში ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოშობის საფრთხის შედეგად, გაზრდილია გაურკვევლობა ეკონომიკის აღდგენის ტემპთან დაკავშირებით. ეკონომიკის შეფერხებული აღდგენის პირობებში, 2022 წელს ეკონომიკის მცირე ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო გაჯანსაღების ნიშნები მხოლოდ 2023 წლიდან შეინიშნება“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.