საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკის ნიმუშების გამოფენა გაიმართება
10 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დამთვალიერებელი პირველად იხილავს საერთაშორისო მასშტაბის არქეოლოგიურ გამოფენას, რომელიც წარმოგვიდგენს გამოფენას „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან“.
კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში წარდგება, რომის წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანაზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ქალაქ რომის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ-ის II – ახ.წ.აღ-ის IV საუკუნეებით თარიღდება. ნამუშევრები ზედმიწევნით ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს.
გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.