საქართველოს ელჩი - ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ირანელი არ შემოუშვეს, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს
ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ირანელი არ შემოუშვეს, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს, – ამის შესახებ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარტო ნოემბრის თვეში საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 17 ათასი ირანელი შემოვიდა.
„აქედან მხოლოდ 425 კაცი არ იქნა დაშვებული საქართველოში. ეს პროცენტულად დაბალი რიცხვია. უნდა გითხრათ, რომ ეს განმარტება მიეცა ირანულ მხარეს, რადგან სტატისტიკა სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი. მაგრამ არის პრობლემები, მათ შორის ირანელთა მხრიდან.
მოგეხსენებათ, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი შემოვიდა საქართველოში, რასაც ირანის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი თანამშრომლობა სასაზღვრო უწყებებს შორის დადებითად წაადგება ამ პრობლემის გადაჭრას.
ირანის მხარე ყოველთვის უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მხარეს და ჩვენს მესაზღვრეებს აქვს სუვერენული უფლება, რომ მოიქცნენ კანონის სრული დაცვით და მიიღონ გადაწყვეტილება საზღვარზე შემოშვება ან არშემოშვებასთან დაკავშირებით. მაგრამ მათი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტი ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ“, -აღნიშნა ელჩმა თემის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ირანსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებით, ირანის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ელჩის ინფორმაციით, ყოველწლიურად მათი რიცხვი 350 ათას ადამიანს შეადგენს.
„ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ირანელ მოქალაქეთა ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე 45 დღით, მაგრამ როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო, მაშინ ეს გაკეთდა თავისუფალი მიმოსვლისთვის და ტურიზმის წასახალისებლად. შედეგი სახეზე გვაქვს – ტურიზმი წახალისებულია და დიდი რაოდენობა ირანელებისა შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ როდესაც 45 დღიან ვადას იყენებენ სხვა მიზნებისათვის, ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს. ეს საკითხები დასარეგულირებელია და იმედია, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ეს ხარვეზიც აღმოიფხვრება“,-აღნიშნა იოსებ ჩახვაშვილმა.
ელჩის თქმით, თემის ირგვლივ მაღალი დონის შეხვედრები უკვე შედგა და ირანული მხარე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ყველა კონკრეტული შემთხვევა განიხილება ორმხრივ ფორმატში. მოლაპარაკებების შედეგად იქნება გამოკვლეული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება. ირანის ელჩმა გამოთქვა სურვილი თანამშრომლობისათვის. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები ორმხრივ ფორმატში, მათ შორის ირანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, ვადები და შეხვედრის ადგილი დადგინდება და ყველა საკითხი, რომელიც წარმოიშვება მხარეებს შორის, გადაიჭრება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე“, – აღნიშნა ელჩმა.