გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საელჩო და ოდესაში გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს
გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საელჩო და ოდესაში გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

უკრაინაში საქართველოს საელჩო და ოდესაში გენერალურ საკონსულო აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, ვართ კიევში, ვცდილობთ, გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციის მხრივ, ასევე საქართველოს მოქალაქეების დახმარების კუთხით, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.

ელჩი უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებით კიდევ ერთხელ მიმართავს.

„საქართველოს მოქალაქეების მხრივ გვაქვს იგივე რეკომენდაციები, რომელიც გამომდინარეობს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებიდან. ეს არის პირველ ყოვლისა ის, რომ ეცადონ დარჩნენ სახლში და ნაკლებად გადაადგილდნენ, განგაშის გამოცხადების დროს გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას, შესაბამის თავშესაფარში, რომლის რუკები ასევე ადვილად ხელმისაწვდომია შესაბამის მუნიციპალურ ვებგვერდებზე.

ამასთან, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყოთ კომენდანტის საათთან დაკავშირებით. ვინაიდან, თუ კიევში მაგალითად, კომენდანტის საათი გუშინ და დღეს იქნება საღამოს 17:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, ოდესაში საერთოდ 24-საათიანი რეჟიმია გამოცხადებული. ამიტომ ეს რეჟიმები იცვლება, დამოკიდებულია კონკრეტულ დასახლებულ პუნქტზე და გთხოვთ, თვალი ადევნოთ შესაბამის რეგულაციებს.

ასევე, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც განსაკუთრებით აუცილებელია კომენდანტის საათის მოახლოებასთან ან საომარ რეჟიმთან დაკავშირებით, რადგან აქტიურად არის გამოვლენა და ძიება შესაძლო დივერსანტების, წინასწარ გამოგზავნილი ჯგუფების წევრების, ამიტომ ხშირად აჩერებენ მოქალაქეებს, ამოწმებენ საბუთებს. გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ.

კიდევ ერთი – ისევ გართულებულია მოძრაობა, განსაკუთრებით საზღვრების მიმართულებით, არის უზარმაზარი საცობები. ამიტომ ვიდრე გადაწყვეტთ ავტომობილით გადაადგილებას, კარგად შეისწავლეთ მარშრუტი, ნახეთ, რა ვითარებაა როგორც გზაზე, ასევე კონკრეტულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, სადაც არის ძალზედ მძიმე ვითარება. არის რამდენიმე კილომეტრიანი რიგები, ათეული საათი მოცდა უწევთ მოქალაქეებს. შესაბამისად გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ“,- აცხადებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.