საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო გორში უმასპინძლებს.
როგორ იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, იუსტიციის სამინისტრო გორელებსა და ქალაქის სტუმრებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში, ამიტომ საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს უწყება უვიზო მიმოსვლის შესახებ გაუზიარებს ცოდნას.
გორის მთავარი მოედანი ერთი დღით უზარმაზარ იმიტირებულ აეროპორტად გადაიქცევა. ვიზალიბერალიზაციის პავილიონის სტუმრები გაიგებენ დეტალებს უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეძლებენ, გაიარონ „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდონ ბარგს“, თავად შეარჩიონ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე, ისარგებლონ მემოგრამით და „გადაიღონ“ ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე.
იუსტიციის სამინისტრო, როგორც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი, ღონისძიების მონაწილეებს ცოდნას გაუზიარებს საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებაც.
მე-20 საუკუნის დასაწყისის გამოჩენილ ქართველ ქალთა გასახსენებლად, 26 მაისის ღონისძიებას არტ-კაფე „მანდილოსანი“ უმასპინძლებს, კოსტიუმები და შექმნილი ატმოსფერო კაფის სტუმრებს გასული საუკუნის დასაწყისში მოგზაურობის საშუალებას და, ამავე დროს, თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გაცნობის საშუალებას მისცემს.
ქართულ ანიმაციასა და შესანიშნავ ქართულ კინოდოკუმენტალისტიკას გააზიარებს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. მოეწყობა ღია კინოთეატრი დეკორატიული კინოფირის ფორმატში, სადაც მთელი დღის
განმავლობაში, პერიოდულად ეკრანზე გავა იუსტიციის არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები. კინოთეატრის ზონაში წარმოდგენილი იქნება ეროვნული არქივის ფოტოგამოფენა.
იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ მხიარულებას ჰპირდება დამოუკიდებლობის დღესასწაულის ყველაზე პატარა მონაწილეებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით.