საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება ხუთ ლოკაციაზე მოხდება (175 რეკრუტი და წვევამდელი). ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპის სარდლობის პირველი ქვეითი დივიზიის პირველი  ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა.

ფიცს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს.

„ცერემონიის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელსაც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ფიცის დადების შემდეგ ხდება ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე აბარებენ პატაკს თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით – ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური,  გრემი, თბილისი.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. თავისუფლების მოედანზე პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-5 საარტილერიო ბრიგადის, წვრთნებისა და განათლების სარდლობის, ლოჯისტიკის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სსსტც „დელტას“ შეიარაღება იქნება გამოფენილი: ჯავშანმანქანა WOLF; ჯავშანმანქანა „დიდგორი დისტანციური“; ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“; ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“; ზალპური რეაქტიული სისტემა რს-122; სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“; საჰაერო თავდაცვის სისტემა „სპაიდერი“; თვითმავალი საარტილერიო სისტემა „დანა“; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ-160; ჯავშანმანქანა „კობრა“; ჯავშანმანქანა MaxPro.

თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქში იქნება გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.