საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვევა 100 იურისტი, რომლებიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს წარმოადგენენ.
ვიზიტის მიზანია, საქართველოს ბიზნესკანონმდებლობის გაცნობა და საქართველოში ინვესტირების მსურველი ისრაელის კომპანიების მომზადება.
ბიზნესპალატის ინფორმაციით, ისრაელელი იურისტებს, აგრეთვე აინტერესებთ, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელის ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.
სტუმრები დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო Katash Kosher Hotel-ში ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან. აგრეთვე დაგეგმილია ტური იუსტიციის სახლში, სადაც ბიზნესის რეგისტრაციის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს გაეცნობიან.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის მსხვილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ასპექტია და მიზნად ისახავს, ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში იმუშაონ პირდაპირ, შუამავლების გარეშე. მათ შორის, მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში. ამისთვის კი საჭიროა, საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა.
„ისრაელის კომპანიებს ექნებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოზე, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ზრდას“, – აცხადებს იციკ მოშე.
ვიზიტის მიმდინარეობისას ისრაელელ იურისტებს დაგეგმილი აქვთ სემინარები და საქართველოში ისრაელური ბიზნესის წარმატებული პროექტების გაცნობა.