საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ცალსახად პოზიტიურია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ცალსახად პოზიტიურია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ცალსახად პოზიტიური, მისასალმებელი ნაბიჯია.

„ამასთან, სახეზე გვაქვს ბიზნესთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციის შედეგად მიღებული კონკრეტული, ბიზნესისთვის მატერიალურად სასიკეთო შედეგი, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია“,- აღნიშნეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 25 ივნისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან, ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებთნ შეხვედრის შემდეგ.

როგორც ასოაციაციაში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილებებით სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის შემცირდება საოპერაციო ხარჯები, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების პირობებში.

ამასთან, ასოციაციის ცნობით, სასურსათო პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხევედრაზე განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, საოპერაციო ხარჯების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად ამარტივებენ ბიზნესის ოპერირებისათვის ამ ნაწილში დღემდე არსებულ პროცედურებს, აწესრიგებენ იმ შეუსაბამობას, როდესაც კომპანიებს უწევდათ მიუღებელ შემოსავალზე მოგებისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადების დარიცხვა.

საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით:

განისაზღვრა სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1პროცენტის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ);

სრულად გაუქმდა 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური (20 ლარი);

ასევე, დაიხვეწა დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.