„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას აცხადებს, რომ ახმოვანებს თავდამსხმელის გზავნილებს, რომელიც 500 000 დოლარს ითხოვს
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, რომელიც „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აცხადებს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
„შენობაში ერთ ოთახში ვიმყოფებით 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად. ამიტომ გამორიცხულია ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მხრიდან მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. ითხოვს უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. მე ვიძლევი გარანტიასო, რომ 500 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, არავინ დაზარალდებაო, თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერევიან ძალის გამოყენების კუთხით. ადგილზე ითხოვს ამ თანხის ნაღდი სახით მოტანას. ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვს“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
კითხვაზე, თავდამსხმელი ერთია და ის ამ ოთახის გარეთაა გამაგრებული? – კვარაცხელია პასუხობს: „არა, ახლა ჩემ გვერდით არის“.
ამასთან, კვარაცხელია აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებთან კომუნიკაცია შედგა.
„იყო საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით საათზე მეტია, აქ ვართ და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არავინ შემოსულა. მას დაპირდნენ, რომ შემოვლენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
მისივე განმარტებით, პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის გზავნილებს ახმოვანებს.
კერძოდ, კითხვაზე, „თქვენ ახლა თქვენი ნებით გვიკავშირდებით, თქვენს გზავნილს ახმოვანებთ, თუ ადამიანის, რომელიც შენობაში შემოიჭრა? -კვარაცხელია პასუხობს: „არა, მე ჩემს გზავნილს როგორ ვახმოვანებ, გეუბნებით, ადამიანი გვერდით მიდგას, რანაირად ვახმოვანებ ჩემს გზავნილს“.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ბანკის ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.