„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გლდანის მეორე პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს.
ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკითხვაზე არიან ბანკის თანამშრომლები და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, მძევლად ჰყავდათ აყვანილი. იქ მყოფი მათი ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, მასში მყოფ ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, გუშინ ღამით გაიტაცეს. ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, გატაცებულები ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და ადგილიდან მიიმალნენ.
გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილის 10:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა. მათვე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის. გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.