„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს
გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილის 10:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა. მათვე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის. გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.