„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ ნებისმიერი რეგულაცია გაზრდილი ინფლაციისა და უმუშევრობის მაღალი დონის აღმოფხვრას უნდა პასუხობდეს
საქართველოში დღეს არის ორი მთავარი გამოწვევა: ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი და უმუშევრობის მაღალი დონე, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, გიორგი ფაილოძე საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკი“ მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას მაღალი ინფლაციისა და უმუშევრობის აღმოფხვრაში დაეხმარება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში დღეს ორი მთავარი გამოწვევაა – ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი და უმუშევრობის მაღალი დონე. მივესალმებით ყველა ისეთ ნაბიჯს, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ამ ორი გამოწვევის აღმოფხვრაში. ნებისმიერი რეგულაცია უნდა იყოს შესაბამისობაში, რათა უპასუხოს ამ ორ გამოწვევას“, – განაცხადა ფაილოძემ.
რეგულაციების შესაძლო შერბილებაზე, მათ შორის ლარში გასაცემი სესხების 200-ათასიანი ზღვარის შემცირებაზე დღეს პარლამენტში იყო საუბარი, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.