„საქართველოს ბანკი“ ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს
„საქართველოს ბანკი“ COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს – ლაბორატორიულ ტესტებს, სასუნთქ აპარატებს, ხელთათმანებსა და პირბადეებს შეიძენს.
ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 20 000 ლაბორატორიული ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი ერთ კვირაში უკვე საქართველოში იქნება და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანად გასაგრძელებლად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
„ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, ვირუსთან ბრძოლა, მიგვაჩნია, რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით უნდა ვიზრუნოთ პანდემიასთან გამკლავებისთვის. COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობის – სასუნთქი აპარატის, ხელთათმანის, პირბადის ქონა. ლაბორატორიული ტესტი მთავარი იარაღია პანდემიის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსთან ბრძოლაში. რაც მთავარია, უნდა დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც შეაქვს ამ საქმეში.
„დღეს განსაკუთრებით მეომრები და გმირები არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, რომლებსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვუჭერთ მხარს. მჯერა, რომ ერთად საქართველოსთვის ყველაფერი შეგვიძლია“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.