საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის მხრივ რეგიონში პირველ ადგილზეა
საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის მხრივ რეგიონში პირველ ადგილზეა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტის დასკვნით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა,  ევროპაში მეათე, ხოლო მსოფლიოში ოცდამეათე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64 პროცენტი გახდა.

„აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს. ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის კუთხით მიღწეული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების ფონზე.

„დღეს ქართულ ავიაბაზარზე 50-მდე ავიაკომპანია ოპერირებს. საავიაცო ბაზრის მზარდი ტრენდის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმწიფოს, ასევე ავიაინდუსტრიის მხრიდან – ინფრასტრუქტურული პროექტები, ფრენის ახალი მარშრუტების დამტკიცება, ფრენის არეალის გაზრდა, ახალი სტანდარტების დანერგვა, საკანონმდებლო ცვლილებები და ა.შ“,  – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება განაპირობა – 2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2 718 949  მგზავრი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 27,7%-ით მეტია. რაც შეეხება 2017 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 4.1 მილიონი მგზავრი, რაც 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 43 პროცენტით  მეტია (2.8 მილიონი მგზავრი).

მინისტრის მოადგილემ ინდუსტრიისა და  ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.