ICAO-ს დასკვნით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის მხრივ საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
ICAO-ს დასკვნით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის მხრივ საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)​ აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს, ICAO-ს აუდიტის საბოლოო ანგარიშისა და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, მიღება გაიმართება, სადაც სიტყვით წარდგებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

მოეწყობა პრეზენტაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ 2018 წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო შედეგებზე, ქვეყნის მიმდინარე რეიტინგზე, ასევე ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ავიაკომპანიები, აეროპორტების ოპერატორები და სხვა ავიასაწარმოები, აგრეთვე, სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების პირველი პირები.