„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს [ვიდეო]
საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო.
სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს.
სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილი დარღვევების ევროპული სასამართლოს წინაშე დასადგენად საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება.
დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე სასამართლო განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი.
საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება; მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა; ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა; „პასპორტიზაცია“ და უვიზო მიმოსვლის შემოღება; რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება; რუსების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა; რუსული წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.