ტოკიოში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 15 მარტს ოფიციალურად გახსნის. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი „ტერადა ვეარჰაუსი“ (Terrada Warehouse) მასპინძლობს.
ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ვიზიტორებს ინტერაქციის შესაძლებლობის მქონე ვიდეოპროექციით შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოიძიონ.
გამოფენის ფარგლებში იგეგმება ღვინის დეგუსტაცია, ვორქშოფი ხინკლის მომზადების შესასწავლად, ასევე, ჭაჭა-Party, სადაც ქართველი დიჯეი დაუკრავს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი, დავით ტყემალაძე პირველ არხთან საუბრისას ამბობს, პროექტი ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში დაიბადა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ექსპოზიციას მსოფლიოს მასშტაბით უნდა ემოგზაურა.
გამოფენა იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონი მიუზიქ ქომუნიქეიშენისა“ (Sony music communication) და კომპანია „ტოპანის“ (TOPPAN) პარტნიორობით.
გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.