საქართველო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას
საქართველო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს ქალაქ მადრიდში საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე – Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

„საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ეგრეთ წოდებული Show Kitchen-ი.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

საერთაშორისო გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.