საქართველო ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება
საქართველო ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის (CERN) ასოცირებული წევრი გახდება.
წევრობა საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს ქვეყნის სახელით იყვნენ წარმოდგენილი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, ამჟამად ქართველების დიდი ნაწილი წამყვან სამეცნიერო ცენტრში საქართველოს სახელით არ მუშაობს.
მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ 2018 წელს დაასრულებენ ასოცირებული წევრობის სტატუსის მიღების პროცედურას.
თებერვლის შუა რიცხვებში ცენტრში დაგეგმილია განათლების მინისტრის ვიზიტი და შეხვედრა ხელმძღვანელ პირებთან.
“საინტერესო შეხვედრა გაიმართა ცენტრში მომუშავე ქართველ მეცნიერებთან. საუბარი არის საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე ცენტრში. ჩვენ მალე ვესტუმრებით ცენტრს, რათა უკვე კონკრეტულად ვისაუბროთ ამ გეგმის განხორციელებაზე. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე მეცნიერებისთვის. ჩვენს მეცნიერებს უკვე შეეძლებათ საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო კვლევით პროცესში, ხოლო ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ, ჩავიდნენ და იქ იმუშაონ სადოქტორო დისერტაციაზე”, – განაცხდა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.