საქართველო ევროპაში ყველაზე მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა
საქართველო ევროპაში ყველაზე მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
სიაში სან-მარინო ლიდერობს, სადაც ზრდამ შარშან 31.1 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ზრდის მაჩვენებელი კი 27.9 პროცენტს შეადგენს.
ათეულში ასევე მოხვდნენ ისრაელი (24.6%), თურქეთი (24.14%), ისლანდია (24.11%), მაკედონია (23.5%), აზერბაიჯანი (20%), მოლდოვა (19.6%), ბოსნია და ჰერცეგოვინა (18.66%) და სომხეთი (18.65%).
Bloomberg-ის სტატიაში საქართველო ევროპის ხელუხლებელ კუთხედ არის მოხსენიებული. საუბარია ქვეყნის კულინარულ უპირატესობებზე და თბილისში ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციებზე, მათ შორის ახლადგახსნილ სასტუმრო „სტამბაზე“.