საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა.

1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“

1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973).   სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც 15 წლის ასაკში გარიცხეს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

 

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937). 21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ მეფის რუსეთის დროს. 1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მოღვაწეობდა. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1937 წელს დააკავეს და შინსახკომის „ტროიკის“ გადაწყვეტილებით,ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე „შოვინისტური განწყობების“ ბრალდებით დახვრიტეს.
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გ. უცნობია).  დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს. ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937). 1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს „გურიის ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს. 1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.
1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967) სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში. დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში „არა“ („ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა. 1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში გადაასახლეს, თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. 1937-38 წლებში დახვრიტეს მისი მეუღლე და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.