საქართველოს ეროვნულმა არქივმა ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა
საქართველოს ეროვნულმა არქივმა ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დღეს ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ გახსნა.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.).

ექსპოზიცია დაათვალიერეს სოფლების — მსხალგორისა და ნინიგორის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა, ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ მათ პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნო.

არქივში დაცულია მრავალფეროვანი მასალა, რომელიც საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორიცაა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

ეროვნული არქივის ცნობით, ლაგოდეხის იუსტიციის სახლში ექსპოზიცია ორი კვირის მანძილზე დარჩება, შემდეგ კი ყვარელში გადაინაცვლებს.