საქართველო ჩემს ლანგარზე - Guardian-ი ქართულ სამზარეულოზე სტატიას აქვეყნებს
საქართველო ჩემს ლანგარზე: კულინარიული მოგზაურობა კავკასიაში, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი კილიან ფოქსის სტატიას ქართული სამზარეულოს შესახებ.
„პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მე ორკვირიანი ვიზიტის შედეგად მივიღე: ქართველებს უყვართ კერძების მზადება და ჭამა – საკვებს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე მდებარე ამ დიდი კულტურის მქონე ლამაზ ქვეყანაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს“, – წერს სტატიის ავტორი. კილიან ფოქსი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში თანდათან ვრცელდება ხმები ოლია ჰერკულესისა და კარლა კაპალბოს მიერ ბოლო დროს გამოცემული წიგნების შესახებ, რომლებიც ქართული სამზარეულოს შესახებ მოუთხრობს მკითხველს. ავტორის თქმით, ქართული სამზარეულო თურქული, სლავური და ირანული არომატების წარმოუდგენელ შერწყმას წარმოადგენს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში მოგზაურობისას მან აღმოჩინა, რომ ქართველებს ნამდვილად უყვართ დალევა, იქნება ეს ქარვისფერი ღვინო თუ ყურძნის ჩენჩოსა და კურკისგან დამზადებული ჭაჭა. ავტორის თქმით, ქართული სამზარეულოს კომპლექსურ ხელოვნებაში ვერც ერთი გაკვეთილი ვერ იქნება სრულყოფილი ერთი ან ორი სადღეგრძელოს გარეშე.
კილიან ფოქსის მოგზაურობა საქართველოში ქუთაისიდან დაიწყო, სადაც ის ლუტონიდან ბიუჯეტური ავიახაზებით ჩაფრინდა.
„შუასაუკუნეების საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი ეკონომიკურად დაზარალდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და დღეს ის გახუნებულ სიდიადეს ასხივებს დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედნის მახლობლად მდებარე თავისი მიტოვებული შენობებით. თუმცა, აქ ბევრი რამაა სანახავი, დაწყებული მე-11 საუკუნის ბაგრატის საკათედრო ტაძრით, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეძენილი სადავო ახალი სახურავით, მწვანე ბაზრით დამთავრებული“, – წერს ავტორი.
კილიან ფოქსი აღნიშნავს, რომ თბილისისკენ „მარშრუტკით“ გაემგზავრა, რომელიც მაღალი სიჩქარით მიაქროლებს ადგილობრივებსა და ტურისტებს. ქუთაისიდან გამგზავრებამდე კი „მომჟავო-მოტკბო ხილის ტყავი“ ანუ ტყლაპი მოიმარაგა. სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისს ატყვია რთული ისტორიის ნიშნები, რაც კულტურებისა და არქიტექტურული სტილების ნაზავით გამოიხატება.
სტატიის ავტორმა ყაზბეგშიც იმოგზაურა, სადაც მისთვის ყველაზე თვალწარმტაცი გერგეტის ეკლესია აღმოჩნდა.
„რაც უფრო მეტი დღე გადიოდა, ჩემი პატივისცემა ქართული კერძებისადმი იზრდებოდა“, – აღნიშნავს კილიან ფოქსი და ამბობს, რომ მისი განსაკუთრებული მოწონება ქოთნის ლობიომ და ხაჭაპურმა დაიმსახურა. კახეთში კი ის ქართულ ღვინოს ეზიარა.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა – აქ მეღვინეობას 8 000 წლის წინ მისდევდნენ, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ყურძნის სახეობების რაოდენობა 500-დან 4-5-მდე შეამცირა წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად. მას შემდეგ, ქართველი მეღვინეები ბევრს შრომობენ, რათან ყურძნის დაკარგულ სახეობებს სიცოცხლე დაუბრუნონ. მათ ასევე აღადგინეს ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები, რომლებმაც პოპულარობა დაკარგა საბჭოთა ეპოქის დროს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორის თქმით, ქვევრისთვის თავის მოხდა და მიწის ქვეშ გატარებული მრავალი თვის შემდეგ ღვინის გასინჯვა, შესაძლოა, სტრესული გამოცდილება აღმოჩნდეს.
„არასდროს იცი ზუსტად, რას მიიღებ. ღამით ძილი დავკარგე ჩემს ღვინოზე დარდით“, – ეუბნება ავტორს მეღვინე რამაზ ნიკოლაძე.
სტატიის ბოლო ავტორი მკითხველს სთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა გაემგზავრონ საქართველოში, ასევე აწვდის ინფორმაციას სასტუმროებისა და კულინარიის გაკვეთილის ღირებულების შესახებ. აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებს შორის კი კილიან ფოქსი ვარძიას, გელათის მონასტერსა და სვანეთს ასახელებს.