პარიზში ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო საღამო გაიმართება
პარიზში ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო საღამო გაიმართება

ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, 3 მაისს, პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე – Le Diamant Bleu ​საქველმოქმედო საღამო გაიმართება. საღამოს განსაკუთრებული სტუმარი ლეგენდარული  ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი წარმოადგენს ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენებას, იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი ექსკლუზიური სამკაულების კოლექციას გამოფენს.

როგორც საღამოს ორგანიზატორები, საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინისა“ და „ივენთ ლუქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ღონისძიებაზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. საღამოზე საქართველოს შესახებ გაცნობითი ხასიათის ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე, ვახშამზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული ტრადიციული კერძები, ღვინო, მინერალური წყალი და სხვა კულინარიული ვარიაციები. ქართულ ტრადიციულ სუფრას თანამედროვე ევროპულ ელფერს შესძენენ ფრანგული ბრენდის, „მსოფლიო კულინარიული გიდი გო’ე’მიოს“ ქართველი მზარეულები, გურამ ბაღდოშვილის თაოსნობით.

„ასეთი ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას. ქართული კულტურის, ძველი და თანამედროვე ხელოვნების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა გელოვანი.

მათივე ცნობით, საღამო საქველმოქმედოა და შესული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინში“ გადაირიცხება. ფონდის მიზანი მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებაა.