საქართველო 13 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის განმარტებით, საუბარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზაზე.
„მინდა, დავიწყო მადლობით, ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე „კოვაქს“ პლატფორმას, დღეის მდგომარეობით ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პარტნიორს, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არაერთწლიანი გამოცდილება და თანამშრომლობა, კერძოდ, „იუნისეფს“, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდებაში. სწორედ მათი დახმარებით, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ უკვე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოს ვაქცინა ეტაპობრივად მოეწოდება. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო დიდი მადლიერება მათი, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩართულია ვაქცინის მოწოდების პროცესში. ამ ეტაპისთვის „იუნისეფის“ მხრიდან მიღწეული იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე, მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200, რომელიც არსებული პროტოკოლით შესაბამისად გადანაწილდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე განმარტავს, რომ პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკ ჯგუფში შემავალი სხვა პირები.
„ჩვენ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც შემუშავებულია კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ უკვე დანარჩენი რისკ ჯგუფები. პირველ რიგში გადანაწილდება დიდ ქალაქებში. ეს ქალაქები უკვე დადგენილია და საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ასევე, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ამ დაწესებულებებში ჩატარებულია ტრენინგები, მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება ნებისმიერი ვაქცინით ვაქცინაციის პერიოდში. ჩვენ მივყვებით გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროვებულია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, მინისტრმა ისაუბრა, რამდენი ადამიანი აიცრება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.
„მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, სადაც იგეგმება ვაქცინაცია და უკვე „ასტრაზენეკათი“ დავიწყებთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, „ფაიზერის“ ვაქცინას არ დაველოდებით, ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ, რაც მივიღებთ „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. ჩვენ გვაქვს დროის ის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ დროულად, ასევე დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ ჩვენი მოქალაქეების და ექიმების მეტი რაოდენობა. ჩვენ გვაქვს 6-დან 12 კვირამდე ვადა პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, ჩვენ გვაქვს დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იყოს შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.