საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე, იძულებასა და მუქარაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის პროცესზე დღეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი გადაწყდება.
დაცვის მხარე ითხოვს, დაიკითხონ „ქართული ოცნების“ წევრები – ბექა დავითულიანი და გიორგი ხელაშვილი, რომლებმაც მათ დაკავებამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
ბრალდებულების თქმით, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ მოხდა მათი დაკავება, რაც, მათივე განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ საქმე პოლიტიზირებულია.
ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულების ჩხრეკის ოქმების საქმიდან ამორიცხვას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა.
ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლოს ასევე მიმართეს შუამდგომლობით, ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების მოწმეთა სიიდან ამოღებაზე, მათ შორის თედო გობეჯიშვილის თანაშემწის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენების დაუშვებლად ცნობას მოითხოენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ირიბი მოწმეა.
პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების გამოკითხვას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაცვის მხარის მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაში შეყვანილი პოლიტიკოსები საქმესთან შემხებლობაში არ არიან.
მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.