საქალაქო სასამართლო იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე იმსჯელებს
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებასა და სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ორი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.
იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმრის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან კონკრეტული პირების მხრიდან იყო შეთავაზება, რომ იულია სუსლიაკის მიმართ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება სიმბოლური ჯარიმის ხარჯზე, რაზეც ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულ უარზეა.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მორიგი დაუსაბუთებელი შუამდგომლობა იხილება შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შესახებ. შუამდგომლობა იმდენად დაუსაბუთებელია, რომ აბსურდია, შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს ამ საქმის ბედზე. ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლესთან რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს გენერალური პროკურატურიდან კონკრეტულ პირებს, რომლებმაც მოსთხოვეს მეუღლეს, იულია სუსლიაკთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება სიმბოლური ჯარიმის ხარჯზე. ამის კატეგორიულად წინააღმდეგია ოჯახი. ისინი ითხოვენ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ბოლომდე, სანამ არ გამოვლინდება ის კონკრეტული ჩინოვნიკები, რომლებმაც ეს საქმე შეთითხნეს და ამდენი ხნის განმავლობაში უკანონოდ ჰყავთ პატიმრობაში იულია სუსლიაკი“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა.